ნარკომანია
(ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.სექციების სია [დამალვა]
1 შეცვლილი რეაქციის სინდრომი
2 ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი
3 ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი
4 აბსტინენტური სინდრომი
5 ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი
6 დამახასიათებელი თვისებები
7 ნარკომანია და საზოგადოება
8 მკურნალობა
8.1 ძალისმიერი გზები
9 ნარკოტიკების გავრცელება მათი ტიპების მიხედვით
9.1 მდგომარეობის განვითარების პროგნოზი
9.2 2006
შეცვლილი რეაქციის სინდრომი [რედაქტირება]
ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების ჩამოყალიბების პირველი ეტაპის სინდრომია და გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარების ფორმის ცვლას; ზედმეტი დოზის მიღებისას, დამცავი რეაქციების გაქრობას; ტოლერანტულობის და გაბრუების ფორმის ცვლას.
მოხმარების ფორმის ცვლა — ნარკოტიკის ეპიზოდური მიღებიდან რეგულარულზე გადასვლა. ნარკოტიკის სისტემატური მიღება ჯანმრთელ ადამიანის ორგანიზმში კონკრეტულ დისფუნქციებს იწვევს, ნარკომანს კი უნარჩუნდება ფსიქიკური და ფიზიკური კომფორტი. მაგალითად, თუ ჯანმრთელი ადამიანი იძულებულია ზედიზედ რამდენიმე დღე მიიღოს ალკოჰოლი, მას უჩნდება ინტოქსიკაციის სიმპტომები და როგორც წესი, ეს მას ალკოჰოლზე უარის თქმას აიძულებს; ალკოჰოლიკს კი მსგავსი რამ არ ემართება. დროთა განმავლობაში, ვითარდება ნარკოტიკისადმი მიჩვევა და მისი სისტემატური მიღება უკვე იძულებით ხდება, რადგან იგი უკვე განპირობებულია ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომების ფორმირებით, აბსტინენტური სინდრომით .
დამცავი რეაქციების გაქრობა — ორგანიზმის ფუნქციონირების ახალ დონეზე გადასვლის მაჩვენებელი, როცა ნარკოტიკის ადრინდელი დოზები უკვე აღარაა ტოქსიკური და შესაბამისად, აღარ საჭიროებს დაცვას. მოცემული სიმპტომის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია — გადამეტებული გაბრუების დროს, ალკოჰოლიკებში გულისრევის რეფლექსის გაქრობა. ნარკომანიის სხვა ფორმებისთვის დამცავ მექანიზმებად ანუ სიგნალებად (რომლებიც არასასიკეთო მდგომარეობის შესახებ იტყობინებიან) შეიძლება მივიჩნიოთ კანის ქავილი, ჭარბოფლიანობა, სლოკინი, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, თვალების წვა, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა. ეს სიმპტომები, რომელიც დაავადების ფორმირების ადრეულ ეტაპზე შეინიშნება, მოგვიანებით უკვე აღარ ჩნდება, ღრმა სასიკვდილო ინტოქსიკაციის დროსაც კი.
ტოლერანტულობის ცვლა — ნარკომანიის მთავარი სინდრომი. ნარკომანიის უკლებლივ ყველა ფორმისთვის დასაწყისში დამახასიათებელია ტოლერანტულობის ზრდა, მისი მაღალ დონეზე სტაბილიზება და შემდეგ მისი კლება. სწორედ ამ სიმპტომითაა განპირობებული ნარკომანიის განვითარების სტადია. ნარკოტიკის სისტემატური მიღების დაწყებიდანვე, მისდამი ტოლერანტულობა შეუჩერებლად იზრდება, რომელიც საწყის, ფიზიოლოგიურ ტოლერანტულობას დაავადების პიკზე 5-10-ჯერ (ბარბიტურატებისთვის), 8-12 ჯერ (ტრანკვილიზატორებისთვის) და 100—200-ჯერ (ოპიატებისთვის) აღემატება. „ჩვეულებრივი“ ადამიანებისთვის ასეთი დოზები შეიძლება სასიკვდილოსას ბევრჯერ აღემატებოდეს.
გაბრუების ფორმის ცვლა — სიმპტომი, რომელიც რეაქციის ცვლის სინდრომის სტრუქტურაში ყველაზე ბოლოს ჩნდება. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ნარკოტიკის სისტემატური მიღება, გაქრა დამცავი რეაქციები და მაღალი ტოლერანტულობა დამკვიდრდა. ნარკომანიის ყველა ფორმის დროს, ნარკოტიკის ფიზიოლოგიური მოქმედება, რომელსაც დაავადების ადრეულ ეტაპებზე ჰქონდა ადგილი, დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდება: ტრანკვილიზატორების, საძილე წამლების, ოპიატების მიღებისას ქრება მათი სედატიური ეფექტი, ალკოჰოლი აღარ იწვევს დადებით შედეგს, სტიმულატორები არ იწვევენ ტაქიკარდიას და ა. შ. ნარკოტიკით გამოწვეული ეიფორიის ადრეული ინტენსიურობის მიღწევა საწყის ეტაპზე დოზის თანდათანობითი ზრდის ხარჯზეა შესაძლებელი, მაგრამ დაავადების გარკვეულ ეტაპზე მაქსიმალური დოზა არ იძლევა ადრინდელი შეგრძნებების მსგავს სიძლიერეს, ხოლო მისი გადამეტება ზედმეტი დოზის მიღებას იწვევს. ამ ეტაპზე ხდება ეიფორიის ხარისხის ცვლა, მისი ფაზები განიცდიან ცვლილებას. ნარკომანიის ნებისმიერი ფორმის დროს, მაქსიმალური ტოლერანტულობის ფორმირებისას, ნარკოტიკი (თავისი ფარმაკოლოგიური კუთვნილების და საწყისი ფიზიოლოგიური მოქმედების თავისებურებების მიუხედავად) ორგანიზმზე მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს, ხოლო ტოლერანტულობის კლებასთან ერთად, ნებისმიერი ნარკოტიკი მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზმის ნორმალიზაციას ახდენს (მატონიზებელი ეფექტი).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეცვლილი რეაქციის სინდრომი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი სიმპტომებისგან შედგება, ნარკომანიის ფორმირებისას იგი პირველი ჩნდება და უწყვეტად განიცდის ტრანსფორმაციას განვითარებადი დაავადების ყველა სტადიაზე.
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი [რედაქტირება]
ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.
ფსიქიკური (ობსესიური) ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებულ ფიქრებში, დათრგუნვილობაში, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობილების გაუმჯობესებაში ნარკოტიკის მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროს. ობსესიური ლტოლვა ემოციურ ფონს განაპირობებს, მაგრამ მას არ შეუძლია (ფიზიკური, კომპულსიური ლტოლვისგან განსხვავებით) მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების ამ სტადიაში, როცა ობსესიური ლტოლვა ყალიბდება, ამ მოტივების ბრძოლა გრძელდება. ობსესიური ლტოლვა მძაფრდება კონფლიქტური სიტუაციების, არასასიამოვნო განცდების (მიზეზობრივად ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულების, ადამიანებთან შეხვედრის, ლიტერატურის კითხვის, საუბრების (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებული) დროს. ლტოლვა შეიძლება შემცირდეს ისეთი კონფლიქტური სიტუაციების დროს, რომელიც მიზეზობრივად დაკავშირებულია ნარკოტიკის მიღებასთან, როცა ჩნდება ძლიერი გატაცება, პოზიტიური ემოციებით გაჯერებული მდგომარეობა. ობსესიური ლტოლვა არასპეციფიკურია, ანუ ის შეიძლება სხვა ნარკოტიკით დაკმაყოფილდეს, რაც კომპულსიური ლტოლვისგან მეორე მთავარი განმასხვავებელია.
ობსესიური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, თავად ავადმყოფი იტყუებს თავს.
ამავე დროს, ობსესიური ლტოლვა დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია. დაავადების განვითარებასთან ერთად, და ნარკომანიის უფრო აშკარა ნიშნების გამოჩენისას, ისეთის როგორებიცაა კომპულსიური ლტოლვა და აბსტინენტური სინდრომი, ობსესიური ლტოლვა მეორე პლანზე გადადის. ამის მიუხედავად, მწვავე სიმპტომატიკის მოხსნის შემდეგ რემისიის დროს და შედარებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში, ობსესიური ლტოლვა არსებობას გამოხატულობის იგივე ხარისხით აგრძელებს არსებობას, როგორიც ის მკურნალობამდე იყო. უმეტესწილად, ნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების მუდმივი შემთხვევების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი.
ინტოქსიკაციის დროს, ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარი არ არის ეიფორიის სინონიმი, მასში არა იმდენად სიამოვნების განცდა იგულისხმება, რამდენადაც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობიდან გაქცევა. თუ ჯანმრთელ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეუძლია დაკმაყოფილება, მათ შორის ნარკოტიკული გაბრუების დროს, ნარკომანს — მხოლოდ ნარკოტიკის მიღების დროს. ამავე დროს, თუ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები ნარკოტიკული გაბრუების დროს ირღვევა, ნარკომანის ფსიქიკური ფუნქციები, პირიქით, ნარკოტიკის მიღების შემდეგ უმჯობესდება, რადგან ინტოქსიკაციის უქონლობის პირობებში ისინი ისედაც უკვე ძალზედ დაბალია. ინტოქსიკაციის დროს, დამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ფუნქციონირების სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს ვლინდება, რამდენიმე ფსიქოდელიური საშუალების (ლსდ) მოხმარების შემთხვევების გარდა, როდესაც ფსიქიკა ყოველთვის მხოლოდ ირღვევა.
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი [რედაქტირება]
იგი გულისხმობს ფიზიკურ (კომპულსიურ) ლტოლვას, ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარს და აბსტინენტურ სინდრომს. ამ სინდრომის გამოჩენას წინ უწღვის ორი წინამავალი სინდრომი.
ფიზიკური (კომპულსიური) ლტოლვა ნარკოტიკის მიღების დაუძლეველ სწრაფვაში გამოიხატება, როდესაც ის ვიტალური ლტოლვების ინტენსივობას აღწევს და სხვა ვიტალური ლტოლვების — შიმშილის, წყურვილის (დაავადების კომპულსიური ლტოლვის ეტაპის დადგომისას, სექსუალური ლტოლვა უკვე ფაქტობრივად გამქრალია) — შევიწროება შეუძლია. კომპულსიურ ლტოლვას ავადმყოფის ცნობიერების მთლიანად დაპყრობა შეუძლია, ის არამარტო აფექტური ფონის განმსაზღვრელია, არამედ კარნახობს ქცევას და მსგავს ქცევებთან დაპირისპირებულ მოტივებს და კონტროლს ახშობს. წარმოშობის მიხედვით, კომპულსიური ლტოლვა არის სამი სახის:
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციით არ არის გამოწვეული და არ არის აბსტინენტური სინდრომის პირველი ნიშანი; რადგან, პირველ რიგში, ის შეიძლება გაჩნდეს დაავადების იმ სტადიაზე, როდესაც აბსტინენტური სინდრომი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის; ამას გარდა, კომპულსიური ლტოლვა ნარკომანიის იმ იშვიათი ფორმების დროსაც ჩნდება, რომელთაც აბსტინენტური სინდრომი საერთოდ არ ახასიათებთ (ლსდ-ს გამოყენება). დროული მკურნალობის არაღმოჩენის შემთხვევაში, ინტოქსიკაციის გარეშე გაჩენილი კომპულსიური ლტოლვა ხელახალ დაავადებას ან სხვა სახის ნარკოტიკის გამოყენებას იწვევს. კომპულსიური ლტოლვის თავისებურება არის ის, რომ განსხვავებული ნარკოტიკის მიღებას შეუძლია მოადუნოს ან შეამციროს ლტოლვა, მაგრამ სრული ფსიქიკური და ფიზიკური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, კომპულსიურ ლტოლვას ორი ძირითადი თავისებურება ახასიათებს (რაც მას ობსესიური ლტოლვისგან განასხვავებს): ა) მაღალი ინტენსივობა, რომელიც ვიტალურ ლტოლვას უახლოვდება და შეუძლია მთელი ცნობიერება დაიპყროს; ბ) სპეციფიურობა, რაც გულისხმობს, რომ კომპულსიური ლტოლვა შეიძლება მხოლოდ იმ ნარკოტიკის საშუალებით დაკმაყოფილდეს, რომელმაც მისი წარმოშობა განაპირობა.
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც აბსტინენტური სინდრომის სტრუქტურის ნაწილია.
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციის დროს წარმოიშვება, დამახასიათებელი არ არის ნარკომანიის ყველა სახისთვის. კომპულსიური ლტოლვის ეს სახეობა ისეთი ნარკოტიკებით თრობის დროს აღიძვრება, რომელთათვისაც დამახასიათებელია გაბრუების და ცნობიერების დაბნელების ესა თუ ის ხარისხი. პირველ რიგში, ეს ნარკომანიის ის ფორმებია, რომლებიც ვითარდებიან საძილე საშუალებების, სტიმულატორების, ჰაშიშის, ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობით მიღებისას. კომპულსიური ლტოლვის ეს სახე ნაკლები სიხშირით ვლინდება ფსიქოდელიური პრეპარატების, ტრანკვილიზატორების მიღების დროს და არასდროს — ოპიომანიის შემთხვევაში.
ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარი გულისხმობს არანარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, ფიზიკური ნეტარების შეგრძნების შეუძლებლობას (ბუნებრივია, ფსიქიკური ნეტარების უქონლობა ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბების მომენტისთვის ისედაც ვლინდება წინა ეტაპზე განხილული ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომის სახით). ფიზიკური კომფორტის მიღწევისთვის და ელემენტარული შრომისუნარიანობისთვის ნარკომანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ნარკოტიკის გარკვეული (ინდივიდუალური) დოზა, რომელიც ჯერ კიდევ არ იწვევს ეიფორიას, მაგრამ აუცილებელია ფიზიკური დაკმაყოფილებისთვის.
აბსტინენტური სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს როდი ვითარდება (არ ვითარდება ლსდ-ს მიღების დროს). მისი ჩამოყალიბების დრო, კონკრეტული სიმპტომატიკა, სიმპტომების ამა თუ იმ ჯგუფის გამოხატულება ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის ინდივიდუალურია. პათოგენური აბსტინენტური სინდრომი არის ორგანიზმის მცდელობა, საკუთარი რესურსებით, ნარკოტიკების გარეშე, შექმნას ნარკოტიკული ინტოქსიკაციის პირობები, რომლებიც ორგანიზმის დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. აბსტინენტური სინდრომის პათოლოგიური სიმპტომატიკა ნარკოტიკების უქონლობისას, არასრული კომპენსაციის შედეგია.